BISC-ის მეთოდოლოგია

ინტერვენციის დიზაინი

შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით შევიმუშავებთ ინტერვენციებს/გადაწყვეტებს, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს. ჩვენ მიერ შემუშავებული თითოეული ინტერვენცია კონკრეტულ სიტუაციაზეა მორგებული, რადგან კარგად გვესმის ადგილობრივი კონტექსტის მნიშვნელობა - ის, რაც ერთგან პრობლემის წარმატებული გადაწყვეტა იყო, სხვაგან შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. 

ინტერვენციის დიზაინის პროცესი

იდეაცია

იდეაცია პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვის პროცესია, რა დროსაც ხდება იდეების გენერირება და შერჩევა ქცევითი მეცნიერების ინსტრუმენტების გამოყენებით. იდეაცია უზრუნველყოფს ისეთი გადაწყვეტების შემუშავებას, რომლითაც კონკრეტული ქცევის მოტივატორებზე/ბარიერებზე ზემოქმედება და სასურველი ქცევის სტიმულირებაა შესაძლებელი. 

იდეაციის პროცესის დასასრულს სახეზე გვაქვს გადაწყვეტები, თუ როგორ აღმოვფხვრათ პრობლემური ქცევის ბარიერები/მოტივატორები, ან როგორ მართონ ადამიანებმა ეს ბარიერები/მოტივატორები, ანდა როგორ მოხდეს ადამიანების სტიმულირება, რომ მათ დაძლიონ ეს ბარიერები/მოტივატორები. გადაწყვეტები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინტერვენციებს, როგორებიცაა - პროცესის ოპტიმიზაცია, ფიზიკური სივრცის ან მომხმარებლის ქცევის ციკლის ოპტიმიზაცია, ინოვაცია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, შეთავაზებების და გზავნილების ინტერპრეტაცია (ე.წ. ფრეიმინგი) და ახლებური ინტერპრეტაცია (ე.წ. რეფრეიმინგი), შეხსენების ან წახალისების სისტემების შემუშავება და სხვა. 

პროტოტიპების შემუშავება

რეალურ სიტუაციაში შეფასების მიზნით, ყველაზე პერსპექტიულ გადაწყვეტებს საცდელ პროტოტიპებად გარდავქმნით. პროტოტიპირების პროცესით ვამოწმებთ შერჩეული ინტერვენციების ეფექტიანობას სამიზნე ჯგუფის მცირე ნაწილზე. ამ პროცესის ბოლოს განვსაზღვრავთ საბოლოო ინტერვენციებს, რომლებიც სამიზნე აუდიტორიის უფრო მრავალრიცხოვან ნაწილზე შეიძლება გამოიცადოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ინტერვენცია EAST (ადვილი, მიმზიდველი, სოციალური, დროული) ჩარჩოს კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს. 

იხილეთ ჩვენი პროექტები

გაიგეთ მეტი BISC-ის მეთოდოლოგიის შესახებ