BISC-ის მეთოდოლოგია

ქცევის ანალიზი

ქცევის ანალიზის ფარგლებში, პირველ რიგში ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან პრობლემის განსაზღვრასა და სასურველი შედეგის დასახვაზე SMART (სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური, დროული) კრიტერიუმების შესაბამისად. ამას მოყვება ქცევის რუკის შედგენა და კონტექსტის ანალიზი, რომლის საფუძველზეც ვავლენთ პრობლემის გამომწვევ ქცევას და ამ ქცევის ძირეულ მიზეზებს. 

ქცევის რუკის შედგენა და კონტექსტის ანალიზი

ქცევის რუკის შედგენა

პრობლემის გადაწყვეტის გზები რომ დავსახოთ და ცვლილების სტრატეგია შევიმუშაოთ, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ის კონკრეტული ქცევა, რომელიც შესაცვლელია (სამიზნე ქცევა). 

იმისთვის, რომ ქცევის რუკა ასახავდეს ადამიანთა რეალურ და არა სავარაუდო ქცევას, ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ კვლევის ტრადიციული მეთოდებით. ამის ნაცვლად, უშუალოდ ვურთიერთობთ სამიზნე ჯგუფებთან - ვსაუბრობთ მათთან წინასწარ შემუშავებული და ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული კითხვარების მეშვეობით და რეალურ დროში ვაკვირდებით მათ ქცევას. ამ პროცესის დასასრულს, ვადგენთ ქცევის დეტალურ რუკას, რომელიც ადამიანების ქცევის სრულ პროცესს ასახავს. ამ პროცესის სიღრმისეული ანალიზის შედეგად განვსაზღვრავთ პრობლემის გამომწვევ ქცევას.  

კონტექსტის ანალიზი

სამიზნე ქცევის განსაზღვრის შემდეგ, მთავარი ამოცანაა, გავიგოთ, რატომ იქცევა სამიზნე ჯგუფი ისე, როგორც იქცევა. ეს რომ გავიგოთ, უნდა გვესმოდეს კონტექსტი, რომელშიც ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ და მოქმედებენ. კონტექსტის სიღრმისეული შესწავლისთვის ვაანალიზებთ ინფორმაციას, რომელიც სამიზნე ჯგუფებთან უშუალო ურთიერთობის შედეგად მოვიპოვეთ. ანალიზი გვეხმარება აღმოვაჩინოთ სამიზნე ქცევების ძირეული მიზეზები, კერძოდ, ადამიანის ის ქვეცნობიერი მიდრეკილებები და მენტალური მოდელები, ასევე ის სოციალური და ფიზიკური კონტექსტი, რაც კონკრეტული ქცევის ბარიერებს ან მოტივატორებს წარმოადგენს.

გაეცანით ჩვენ პროექტებს

გაიგეთ მეტი BISC-ის მეთოდოლოგიის შესახებ