2022 წლის 20 ივლისს თბილისში, დედაენის ბაღში ,,მშობლების დედაენა’’-ს პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილების კამპანიის - „იმშობლე“-ს ფარგლებში მომზადდა და წარმოადგენს პოზიტიური მშობლობის ხელშემწყობ საგანმანათლებლო რესურსს.
გამოცემაში, რომელზეც ბავშვთა ფსიქოლოგებთან ერთად BISC-ის ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა იმუშავეს, მოცემულია სასარგებლო რჩევები მშობლებისთვის ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, მშობლები, მწერლები და ფსიქოლოგები, რომლებმაც ისაუბრეს პუბლიკაციისა და პოზიტიური მშობლობისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ.
„მშობლების დედაენა“ ამ ეტაპზე ბეჭდური სახითაა ხელმისაწვდომი, ციფრული სახით კი მალე გამოქვეყნდება - პოზიტიური მშობლობის ონლაინ-პლატფორმაზე „იმშობლე“. ამ პრაქტიკული, ინტერაქტიული ციფრული პლატფორმის მიზანი იქნება პოზიტიური მშობლობის პოპულარიზაცია ძალადობის უარყოფითი შედეგებისა და პოზიტიური დისციპლინის მეთოდების შესახებ მშობლების განათლების გზით.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში წარმომადგენლის - ღასან ხალილისა და სხვა ოფიციალურმა პირების გამოსვლების შემდეგ, დამსწრე მშობლებთან და ბავშვებთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომლის მოდერატორებიც მწერლები - დიანა ანფიმიადი და დათო გორგილაძე იყვნენ.
კამპანიას „იმშობლე“ ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით, მათი ერთობლივი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. კამპანია თანამშრომლობს მშობლებსა და მზრუნველებთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მუნიციპალიტეტებში და ადგილობრივ თემებში და ავრცელებს პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მეთოდებს. კამპანიის პარტნიორები არიან "ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციის გუნდი" (BISC Partners), არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT და შემოქმედებითი სააგენტო "ლივინგსტონი".
კამპანია ფოკუსირებულია გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებზე.
See Campaign Facebook page