ლგბტქ+ პაციენტთან კომუნიკაცია: ტრენინგი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო სერვისები - მეორე ფაზა

ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდისა (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორიის (DemLab) თანამშრომლობით, განხორციელდა IWPR-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გაფართოვდა პროექტის არეალი და რეგიონები მოიცვა, გადამზადდა 100-მდე ექიმი, შემუშავდა ტრენერების მოდული და მომსახურების ჯაჭვში გენდერულად ინკლუზიური მიდგომები ინტეგრირების პროტოკოლი.

ინიციატივის მთავარი ამოცანა დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების მავნე ზეგავლენის შემცირება და ინკლუზიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსებში ქცევის ცვლილების მოდელის შექმნისა და პილოტირების გზით.

პროექტის პირველი ეტაპი 2023 წელს განხორციელდა, თუმცა წელსაც გაგრძელდა კლინიკებიდან და სამედიცინო პერსონალისგან გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ: BISC Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ არსებობს ცოდნის ნაკლებობა, თუ როგორ შეიძლება დავამყაროთ ნდობაზე დაფუძნებული და ემპათიით გამსჭვალული ურთიერთობა პაციენტთან, რაც წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი საფუძველია. სექსუალური უმცირესობებისა და განსაკუთრებით, ტრანსგენდერი პაციენტების შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საკითხის სიახლიდან და ცოდნისა და ინფორმაციის დეფიციტიდან გამომდინარე.

ტრენინგ მოდულზე მონაწილეები ეცნობიან ე.წ. სერვისპროტოკოლს, რაც დაეხმარება ექიმებს, უკეთ წარმართონ ურთიერთობა პაციენტთან, დასვან სწორი და ეთიკური კითხვები, მიიღონ საუკეთესო პრაქტიკა თანამედროვე მიდგომებით. აღნიშნული ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა არასამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა გაეცნონ მომსახურების ჯაჭვში აღნიშნული პრინციპების დანერგვას - მათთვის, ვინც ჩართულია ადმინისტრაციულ, ხარისხის მართვისა და პაციენტთან ურთიერთობის საკითხებში.

ტრენინგ მოდულის შემუშავებას წინ უძღვოდა BISC Partners-ის მიერ 2022 წელს ჩატარებული ქცევითი ინსაიტების კვლევა - ‘’ლგტბქ+ პაციენტთან კომუნიკაციის სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური ბარიერები’’, იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერები არსებობს პაციენტებთან ურთიეთობაში გენდერულად სენსიტიური თემების განხილვის ან აღმოჩენის თვალსაზრისით. კვლევა ჩატარდა როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე თემის წარმომადგენლებში.

შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდება ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს.

კვლევამ აჩვენა, რომ ექიმების მხრიდან, დიდია ინტერესი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ნდობის ატმოსფეროს შექმნის ატრიბუტები 
  • ანამნეზის შეკრების მიზნით, გენდერულად სენსიტიურ საკითხებზე პაციენტთან საუბრის წამოწყება 
  • ეთიკური და არაეთიკური კითხვების იდენტიფიცირება
  • ზოგადი ინფორმაცია საკანონმდებლო ბაზაზე, რაც არეგულირებს გენდერულ თემებს საქართველოში
  • სექსუალური უმცირესობებისთვის სამედიცინო რისკ-ფაქტორები და მისი მართვა, განსაკუთრებით ტრანსგენდერ პაციენტებში

ტრენინგ მოდულის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა.

გასულ წელს ტრენინგს სამედიცინო სფეროს 50-მდე სპეციალისტი დაესწრო. 2024 წლის იანვარში კი, ორდღიანი ტრენინგი 80-მდე ადამიანმა წარმატებით გაიარა - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ინიციატივა განხორციელდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე