BISC Partners-ის ექსპერტებმა, თინათინ სტამბოლიშვილმა და ქეთევან გომელაურმა კავკასიის აპოლიტიკური აკადემიის სტუდენტებისთვის ერთდღიანი მასტერკლასი გამართეს. მასტერკლასსზე მონაწილეებს გააცნეს ქცევითი ინსაიტის მეთოდოლოგია და მისი გამოყენების პერსპექტივები საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი ქვეყნის მათვრობა წარმატებით იყენებს ქცევით ინსაიტებს უფრო ეფექტური და მდგრადი ცვლილების მისაღებად საჯარო პოლიტიკის სფეროში, იქნება ეს ჯანდაცვა, საფინანსო სფერო, სოციალური თუ გარემოსდაცვითი საკითხები და სხვა.
მასტერკლასზე იმსჯელეს მეთოდოლოგიის ოთხ ეტაპზე: ქცევის დრაივერების კვლევა, ინტერვენციის შემუშავების ტექნიკა, ტესტირების და მასშტაბირების შესაძლებლობები და განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორიცელებული ქცევითი ექსპერიმენტის მაგალითები. მათ შორის, განხილული იყო საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული ექსპერიმენტი და მისი შედეგები, რომელიც გამიზნული იყო ფერმერთა ქცევის ცვლილებისკენ.
ქეთევან გომელაური, BISC Partners ქცევის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი: „ „საქართველოში ეს სფერო ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მეტი ინფორმაცია და ცოდნა გავცეთ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ეფექტიანი შედეგი ქცევის მეცნიერებას საჯარო პოლიტიკაში აქვს - სოციალური ცვლილების მიღების პროცესში მეთოდოლოგია აადვილებს, შეიქმნას ჰუმანოცენტრული მიდგომები, რომ უბიძგოს ადამიანებს უკეთესი და უფრო ჯანსაღი ცხოვრებისკენ. აპოლიტიკური აკადემიის სტუდენტები მოქმედი ან პოტენციური საჯარო მოხელეები არიან და ცხადია, მათთვისაც საინტერესოა ეს ინოვაციური მიდგომა, რომელზეც მასტერკლასზე ვისაუბრეთ.“
თინათინ სტამბოლიშვილი, BISC Partners ინტეგრირებული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა კავკასიაში პირველ აპოლიტიკურ აკადემიასთან, რომელიც საჯარო მოხელეებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ასწავლის. დარწმუნებულები ვართ, ქცევის მეცნიერების შემოტანა კურიკულუმში უაღრესად გამოსადეგი და ინფორმატიული იქნება მონაწილეებისთვის.“