2021 წლის დეკემბრიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, BISC Partners, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან“ (GCRT) და შემოქმედებით სააგენტო „ლივინგსტონთან“ (Leavingstone) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის ხელშემწყობი მავნე სოციალური ნორმების შესამცირებლად, ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინტერვენციების ძირითადი მიმართულებაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პირველადი პრევენცია და ამ მიზნით სამიზნე ჯგუფებში აღზრდის პოზიტიური პრინციპების გამოყენების წახალისება.
მშობლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ზოგადად იცის ფიზიკური/ფსიქოლოგიური დასჯის უარყოფითი ასპექტების შესახებ, თუმცა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის ნეგატიური შედეგების ცოდნა, ან თუნდაც იმის მიმღებლობა, რომ აღზრდის მსგავსი მეთოდები არ უნდა გამოიყენებოდეს ბავშვების მიმართ, სულაც არ იწვევს ქცევის სათანადო ცვლილებას. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ ამგვარი ქცევის მამოძრავებელ ძირეულ მიზეზებზე საპასუხო ინტერვენციები, რომლებიც უბიძგებენ მშობლებს და აღმზრდელებს მიმართონ აღზრდისა და ზრუნვის პოზიტიურ პრაქტიკას. ინტერვენციები მიმართული იქნება არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე ქცევის შეცვლაზე, არამედ ასევე მოიცავს კამპანიის კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოზიტიური მშობლობის ახალი სოციალური ნორმის კულტივირებას. პროექტის განხორციელება ამჟამადაც მიმდინარეობს და სრულდება 2023 წლის მარტის თვეში.