როგორ ვიმშობლოთ უკეთ - ‘’მშობლების დედაენის’’ პრეზენტაცია გორის მუნიციპალიტეტის მშობლებისა და პედაგოგებისთვის

პოზიტიური მშობლობის ხელშესაწყობად, წიგნი ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილების კამპანიის - „იმშობლე“-ს ფარგლებში გამოიცა

25 ოქტომბერს კამპანია იმშობლეს ფარგლებში ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლაში BISC-ის წარმომადგენლებმა მშობლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები და მშობლები, განათლების სამინისტროს გორის ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, BISC Partners-ისა და მშობლები განათლებისთვის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად ‘’მშობლების დედაენა’’ გადაეცა. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ პლატფორმა imshoble.ge-ს, რომელზეც BISC Partners-ის ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა და ბავშვთა ფსიქოლოგებმა იმუშავეს. 

ქეთევან გომელაურმა, BISC-ის ქცევითი მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ისაუბრა საქართველოში გავრცელებული აღზრდის სოციალური ნორმების კვლევის თაობაზე და აღნიშნა, რომ პოზიტიური მშობლობის შესახებ საზოგადოებაში დაბალი ცნობიერება, ხოლო აღზრდის გავრცელებულ მეთოდად ავტორიტარული და არა დიალოგზე ორიენტირებული მიდგომა არსებობს. პროექტი სწორედ აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრაზე ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მშობლებს პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ უამბო და გაუზიარა, თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესი მშობლები, რა გზები არსებობს ბავშვებთან ჰარმონიული და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობის შესაქმნელად და როგორ შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. მშობლებმა საკუთარი გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები გაუზიარეს და ფსიქოლოგისგან რჩევები მოისმინეს. 

შეხვედრას, რომელსაც პროგრამის პარტნიორი ‘’მშობლები განათლებისთვის Parents for Education’’ უძღვებოდა, 60-მდე მშობელი დაესწრო გორის სხვადასხვა სკოლიდან და ბაღიდან.

კამპანიას ‘’იმშობლე’’ ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან "ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციის გუნდი" (BISC Partners) და არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT.

Share

დარეგისტრირდი ტრენინგზე