საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ხოლო მისი 75%-ზე მეტი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც ზრდის დაბინძურებას და ხანგრძლივ საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოს 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ასახავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში ნარჩენების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით. აღნიშნული სტრატეგიით საქართველოს ეროვნული მიზანია, 2025 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებმა მიაღწიოს 50%-ს, ხოლო 2030 წლისთვის - 80%.
ამ მიზნის მისაღწევად მოსახლეობის ჩართულობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
2021 წელს BISC Partners-მა, გაეროს სწრაფი განვითარების ლაბორატორიასთან ერთად (UNDP Accelerator Lab), განახორციელა მოსახლეობაში პლასტმასის ნარჩენების დახარისხების წახალისების საპილოტე პროექტი. აღნიშნული პროექტი მოიცავდა ქცევის მეცნიერების მიგნებების საფუძველზე:
- შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას;
- ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიის გზით მოსახლეობაში იმ ქცევითი სტიმულების გაჩენასა და დაკვირვებას, რომელიც გაზრდიდა დახარისხებული პლასტამის რაოდენობას.
ამასთან, პროექტის ფარგლებში BISC Partners-მა უზრუნველყო რანდომიზებული საკონტროლო კვლევის (RCT) დიზაინის შემუშავება, რომელის მიზანი იყო ქცევის ცვლილებაზე (ამ შემთხვევაში ახალი ქცევის ჩამოყალიბება) ინტერვენციების ტესტირება მათი მასშტაბზე რეპლიკაციისთვის.
მსოფლიო პრაქტიკასა და ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ასევე, შესაბამისი ქცევის ცვლილების პრინციპების (Behavior Change Principles) გამოყენებით, BISC Partners-მა შეიმუშავა ორი ტიპის სატესტო გზავნილი, რომელიც ეტაპობრივად ჩაეშვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.
საპილოტე პროექტის ბოლოს, შეგროვებული მონაცემების რეგრესული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულმა ქცევის ცვლილებაზე გათვლილმა ინტერვენციებმა დადებითი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. კერძოდ, შეგროვებული ნარჩენების ხარისხმა საშუალოდ 80%-ს მიაღწია, რაც 60%-იანი გაუმჯობესებაა ინტერვენციამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული შედეგი განაპირობა ქცევითი ინსაითების საფუძველზე დაგეგმილმა ინფრასტრუქტურის დიზაინმა, ისევე როგორც გამოყენებული საკომუნიკაციო მესიჯების შინაარსმა და სტრუქტურამ.
.