BISC Partners-ის გუნდმა გაეროს სწრაფი განვითარების ლაბორატორიასთან (UNDP Accelerator Lab) თანამშრომლობით შეიმუშავა კურსი - “ქცევითი ინსაითები და საჯარო პოლიტიკა” (Behavioral Insights and Public Policy). პროექტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა ტრენინგების 5 სესია, რომელთაც ასამდე საჯარო მოხელე დაესწრო.
ტრენინგების მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ქართველ საჯარო მოხელეებს შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში, ქცევის მეცნიერებისა და ქცევითი ინსაითების გამოყენების გზით.
სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ხშირად საჯარო ორგანიზაციები ქცევის შეცვლის ისეთ ტრადიციულ ბერკეტებს იყენებენ, როგორიცაა კანონმდებლობა, სანქციები, გადასახადები და სხვა. თუმცა, მხოლოდ ამ ბერკეტებით ვერ გვარდება ისეთი მასშტაბური პრობლემები, რომელთა დაძლევა სოციალური ნორმების და მოქალაქეთა ქცევის მდგრად ცვლილებას საჭიროებს. ქცევით ინსაითებზე დაფუძნებით შემუშავებული სტრატეგიები და პროგრამები საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში ძალიან ეფექტურია. ქცევითი ინსაითები შეგვიძლია გამოვიყენოით ისეთ სფეროებში, როგორიცაა - უსაფრთხოება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა დაცვა, განათლება, სატრანსპორტო პოლიტიკა, საგზაო უსაფრთხოება და სხვა.
ქცევითი ინსაითები ინდუქციური, მრავალდისციპლინარული მიდგომაა, რომელიც მოიცავს ელემენტებს ქცევის მეცნიერებიდან, ქცევის ეკონომიკიდან, ანთროპოლოგიიდან, სოციალურ ფსიქოლოგიისა და კოგნიტური ფსიქოლოგიიდან. კომბინაციაში ემპირიულად გადამოწმებულ შედეგებთან, აღნიშნული მიდგომა განსაზღვრავს თუ „რეალურად“ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას
სწორედ ამიტომ, აღნიშნული ტრენინგების მიზანია სხვადასხვა უწყების წარმომადგენელ საჯარო მოხელეებს გააცნოს მეცნიერულად დადასტურებული და პრაქტიკაში გამოცდილი ეფექტური ინსტრუმენტები, რათა თავიანთი საქმიანობა, სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობა და სახელმწიფო სერვისები გააუმჯობესონ და გახადონ უფრო ეფექტური ქცევითი ინსაითების გამოყენებით.
ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა აგრეთვე შეიმუშავა სახელმძღვანელო და ინსტრუმენტთა ნაკრები საჯარო მოხელეებისთვის - „შესავალი ქცევითი ანალიზის მეთოდოლოგიაში’’, რომელიც ტრენინგების მონაწილეებს მიეწოდათ ელექტრონული სახით.
ტრეინინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ორი მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში: დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული “საჯარო მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” და სწრაფი განვითარების ლაბორატორია, რომელიც გერმანიისა და კატარის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.