ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) და დემოკრატიის ლაბორატორიამ (DemLab) ერთობლივად განახორციელეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერულად ინკლუზიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქცევის მეცნიერების მიდგომების გამოყენებით.
Პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის ორგანიზატორებმა, ექიმებმა, LGBTQI+ თემის წარმომადგენლებმა და პროექტის მხარდამჭერებმა, 27 თებერვალს გაიმართა.
ინიციატივის მთავარი ამოცანა დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების მავნე ზეგავლენის შემცირება და გენდერულად ინკლუზიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსებში ქცევის ცვლილების მოდელის შექმნისა და პილოტირების გზით.
ღონისძიების ფარგლებში სოციალურმა ფსიქოლოგმა და BISC Partners-ის სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა მაია მესტვირიშვილმა ისაუბრა სამედიცინო სფეროს სპეციალისტებსა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს შორის ურთიეთობაში არსებულ ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერების კვლევის შედეგების შესახებ.
თინათინ სტამბოლიშვილმა, BISC Partners-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ინტეგრირებული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ისაუბრა ქცევის მეცნიერებაზე დაფუძნებული ტრენინგის შესახებ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის - ‘’გენდერულად ინკლუზიური კომუნიკაცია ჯანდაცვის სფეროში.’’
DemLab-ის თავმჯდომარე ქეთავან ბოჯგუამ კი აუდიტორიას წარუდგინა ციფრული საკომუნიკაციო კამპანია, რომლის მიზანიც პროექტის ფარგლებში ინკლუზიური სამედიცინო მომსახურების შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ არაფორმალური საგანმანათლებლო კონტენტის შექმნისა და გავრცელების გზით.
Ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას წარედგინა და გადაეცა სერვის პროტოკოლი (სახელმძღვანელო), რომელიც ექიმებისთვის, კლინიკის ადმინისტრაციისთვისა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვის შემუშავდა.
Როგორ წარიმართა კამპანია?
მოდულის შემუშავებას წინ უძღვოდა BISC Partners-ის მიერ ჩატარებული ქცევითი ინსაიტების კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფსიქოლოგიური, სტრუქტურული თუ სოციალური ბარიერები არსებობს პაციენტებთან ურთიეთობაში გენდერულად სენსიტიური თემების განხილვის ან აღმოჩენის თვალსაზრისით. კვლევა ჩატარდა როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე თემის წარმომადგენლებში.
შესწავლილი ქცევისა და კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდება ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის ძირეულ მიზეზებზეა ორიენტირებული და სამიზნე ქცევის ბარიერების დაძლევას ან მოტივატორების წახალისებას უზრუნველყოფს.
Აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში 9-12 იანვარს კლინიკა კურაციოსა და ევექსის ქსელის ექიმებს ტრენინგი ჩაუტარდათ გენდერულად ინკლუზიური სამედიცინო მომსახურების შესახებ - ‘’ლგბტქ+ პაციენტთან კომუნიკაციის წესები’’.
ტრენინგ მოდულის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ქცევის მეცნიერების ექსპერტებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ტრენინგი შემუშავდა აღიარებულ უცხოურ გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით და ადაპტირდა ქცევის მეცნიერების პრინციპების გამოყენებით.
ინიციატივა განხორციელდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიმდინარე პროექტის - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში - ფარგლებში.